დავით ბაქრაძე - აშშ-სთან ურთიერთობაში წარმატებული წელი გვქონდა, გვაქვს შედეგები, რომელსაც წლების განმავლობაში ველოდით
დავით ბაქრაძე - აშშ-სთან ურთიერთობაში წარმატებული წელი გვქონდა, გვაქვს შედეგები, რომელსაც წლების განმავლობაში ველოდით

ელჩების კონფერენცია არის ძალიან სასარგებლო საშუალება დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის, რათა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე, რაც უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას შეეხება, შევაჯამოთ წელი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში გვქონდა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს „ელჩების კონფერენცია 2018“-თან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობაში წარმატებული წელი ჰქონდა.

„ჩვენ აშშ-თან გვქონდა წარმატებული წელი. გვაქვს შედეგები, რომელსაც წლების განმავლობაში ველოდით. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – საქართველოს მხარდამჭერი აქტი, კანონი, რომელიც უნიკალურია თავისი არსით, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა განყენებული დოკუმენტი მხოლოდ საქართველოსა და მის მხარდასაჭერად. ასევე, მიმართულებები, რომლებიც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში უსაფრთხოების გაძლიერებას, ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეეხება არის პრიორიტეტი ჩვენი მუშაობისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, კონფერენციაზე საუბარი შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს.

„ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერის როლი, არაღიარების საკითხებში“, – განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა.

„ელჩების კონფერენცია 2018“ თბილისში, პარლამენტში მიმდინარეობს. კონფერენცია დღეს გაიხსნა და 21 დეკემბერს დაიხურება. ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე წელი შეჯამდება და სამომავლო გეგმები დაისახება.