დავით ბაქრაძე - არ უნდა ველოდოთ, როდის გარდაიქმნება პუტინი, რუსეთზე ზეწოლისთვის საერთაშორისო ბერკეტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
დავით ბაქრაძე - არ უნდა ველოდოთ, როდის გარდაიქმნება პუტინი, რუსეთზე ზეწოლისთვის საერთაშორისო ბერკეტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ

საქართველო არ უნდა ელოდოს იმას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი როდის გარდაიქმნება, არამედ ქართულმა მხარემ რუსეთზე ზეწოლისთვის საერთაშორისო ბერკეტები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში ბაქრაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთს პროვოცირების საშუალება არ უნდა მისცეს.

„შეიძლება, ვინატროთ და ვიოცნებოთ იმაზე, როდის შეიცვლება პრეზიდენტი პუტინი და მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას როდის ეცდება, მაგრამ ჩვენი გზა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით გადის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაქსიმალურ ჩართულობაზე, დეოკუპაციაზე, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებში მონაწილეობაზე.

სამწუხაროდ, ეს ყველა ის მიმართულებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნით შესუსტდა. მშვიდი უნდა ვიყოთ, მშვიდობა უნდა დავიცვათ და რუსეთს პროვოცირების საშუალება არ უნდა მივცეთ, მაგრამ პარალელურად, არ უნდა ველოდოთ იმას, როდის გარდაიქმნება პუტინი, არამედ რუსეთზე ზეწოლისთვის საერთაშორისო ბერკეტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაც სამწუხაროდ, დღეს არ ტარდება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რუსეთის ლიდერთან დიალოგის ფორმაზე საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა. „სულ ვამბობ, რომ ვნატრობ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.