დავით ბაქრაძე - არ მახსენდება არჩევნები, სადაც მოსყიდვის სახით ფულის დარიგების ამდენი შემთხვევა ასე პირდაპირ, დოკუმენტურად ყოფილიყო ასახული
დავით ბაქრაძე - არ მახსენდება არჩევნები, სადაც მოსყიდვის სახით ფულის დარიგების ამდენი შემთხვევა ასე პირდაპირ, დოკუმენტურად ყოფილიყო ასახული

ამდენი წლის პოლიტიკაში ყოფნის მიუხედავად, არ მახსენდება არც ერთი არჩევნები, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვის სახით, ფულის დარიგების ამდენი შემთხვევა ასე პირდაპირ ყოფილიყო დოკუმენტურად ასახული – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მარცხდება. მან ამომრჩევლებს მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა.

„თანხა, რომელსაც „ქართული ოცნება“ არიგებს და აქტივისტებს რომმლებსაც ვუყურებთ, იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებას უჭირს, მარცხდება. ჩვენი ამოცანაა, ეს მარცხი ბოლომდე მივიყვანოთ და ვუზრუნველყოთ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი მარცხი მიიღოს, რათა ხვალიდან იყოს სიმშვიდე და არჩევნები კითხვის ქვეშ არავინ დააყენოს.
ვისაც აღარ უნდა ჭაობში ცხოვრება, არჩევნებზე უნდა მოვიდეს. მინდა, თითოეულ ამომრჩეველს ვუთხრა, ეს მთავრობა თუ რამეს გაძლევთ, ღმერთმა შეგარგოთ, რადგან ის 50 ლარი არ არის ბიძინა ივანიშვილის ფული, ეს არის ბიუჯეტი და ხალხის ფული. რასაც გაძლევენ, ღმერთმა შეგარგოთ, მაგრამ საარჩევნო უბანზე რომ შეხვალთ, გაიხსენეთ, რომ თქვენი ცხოვრება და შვილების მომავალი 50 ლარზე ბევრად მეტი ღირს და არჩევანი გააკეთეთ მომავლის სასარგებლოდ.

რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, არსებული დარღვევები დააყენებს თუ არა ლეგიტიმაციის პრობლემას, არც მინდა განვიხილო ლეგიტიმაციის პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რადგან ჩვენი ამოცანაა, დარღვევების მიუხედავად, არჩევნები ბოლომდე მშვიდობიანად მივიყვანოთ. დარღვევების მიუხედავად არალეგიტიმურობაზე არ ვსაუბრობთ. არ მინდა, დარღვევებმა მთავარი სურათი გადაფაროს, რაც არის ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მარცხდება“, – განაცხადა ბაქრაძემ.