დავით ბაქრაძე - ჩემი განწყობა არის ბევრად პესიმისტური
დავით ბაქრაძე - ჩემი განწყობა არის ბევრად პესიმისტური

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით ვერ გაგრძელდება და შედეგით, თუ უშედეგოდ გონივრულ ვადაში უნდა დასრულდეს.

ბაქრაძის თქმით, მათი ამოცანაა, მოლაპარაკება დასრულდეს შედეგიანად და ევროპის გაწბილებას მაღალი სტრატეგიული ფასი ექნება.

„ქვეყანაში დავასრულოთ კრიზისი, უპატრონობა და შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც ხალხის პრობლემები გადმოიწევს წინ და არა მუდმივი გაჭიანურებული კრიზისი, ამ განწყობით ვარ. საფრთხეები ძალიან დიდია, პირველი და მთავარი საფრთხე, ყველას გვესმის, რომ მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით ვერ გაიწელება და შედეგით, თუ უშედეგოდ მოლაპარაკებები გონივრულ ვადაში უნდა დასრულდეს, არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად იყოს ბატონი დანიელსონის ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე მოლოდინში, რაც უნდა მნიშვნელოვანი და კარგი იყოს ეს შეხვედრები. ამიტომ, რაღაც წერტილში მოლაპარაკება უნდა დასრულდეს.

ჩვენი ამოცანაა, მოლაპარაკება დასრუდლეს შედეგიანად, რადგან უშედეგო მოლაპარაკებებს აქვს რამდენიმე მძიმე შედეგი. შედეგი პირველი – ქვეყანაში დაგროვდა უამრავი პრობლემა, ეკონომიკური,  სოციალური პრობლემები. დღეს არაფერი კეთდება, რადგან ხელისუფლება თავს აფარებს ამ მოლაპარაკებების უკან, ელოდება მოლაპარაკებების დასრულებას და არაფერს აკეთებს არც სამუშაო ადგილებისთვის, არც ეკონომიკისთვის, არც ლარისთვის. ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამას წერტილი უნდა დაესვას. მეორე ძალიან მაღალი რისკი გახლავთ ის, რომ თუ ჩვენ ახლა გავაწბილეთ ევროპა და ევროკავშირი, ამას ექნება ძალიან მაღალი სტრატეგიული ფასი“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებიდან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრის წინ მისი განწობა არის ბევრად უფრო პესიმისტური, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში.

„მე არ მინდა, შეხვედრაზე შესვლის წინ გავაკეთო რაიმე ტიპის განცხადება, რომელიც გაავლებს გამყოფ ხაზებს და საზოგადოებას შეუქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენი მხრიდან კარის დახურვა ხდება, არაფერზე კარის დახურვა არ ხდება და ვიმეორებ, მოსული ვარ, რადგან თუ არის თუნდაც ერთპროცენტიანი შანსი, ეს შანსი გამოვიყენოთ, მაგრამ ის, რაც დღეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან იყო ცალსახად ცუდი, ცალსახად არასახელმწიფოებრივი და ცალსახად ხიფათის შემქნელი ამ მოლაპარაკებებისთვის. ამ ფონზე გვიწევს დღევანდელი შეხვედრა, ამიტომ ჩემი განწობა ამ შეხვედრის წინ არის ბევრად უფრო პესიმისტური, ვიდრე ეს იყო წინა კვირაში გამართული შეხვედრების წინ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე.