დავით ბაქრაძე ახალგაზრდებს დაჰპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის ფონდის 50 % უცხოეთში ქართველი სტუდენტების დაფინანსებაზე დაიხარჯება
დავით ბაქრაძე ახალგაზრდებს დაჰპირდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის ფონდის 50 % უცხოეთში ქართველი სტუდენტების დაფინანსებაზე დაიხარჯება

პრეზიდენტის ფონდის 50 % უცხოეთში ქართველი სტუდენტების დაფინანსებაზე დაიხარჯება, – ამის შესახებ დაპირება სტუდენტებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ მისცა. ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ახალგაზრდებთან საკუთარი პროგრამის ამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე სასაუბროდ და მათი პრობლემების მოსასმენად მივიდა.

„ახალგაზრდები ამბობენ, რომ საზღვარგარეთ განათლების მიღების დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არ გააჩნიათ“, – ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ახალგაზრდა თაობის განათლების გარეშე, ძლიერი სახელმწიფო წარმოუდგენელია და სწორედ ამიტომ გახდა მისი საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი ფონდიდან სტუდენტების დაფინანსება.