დავით ბაქრაძე ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში პენსიონერებს შეხვდა
დავით ბაქრაძე ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში პენსიონერებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. დავით ბაქრაძე ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში პენსიონერებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონს უჩივიან და პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში აღნიშნეს, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც მედიკამენტებისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტის შესაძენად არ ყოფნით. დავით ბაქრაძემ პენსიონერებს საკუთარი პროგრამის ის მიმართულება გააცნო, რომელიც პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

„ქვეყანაში არის 700 ათასი ადამიანი, რომლის არსებობაც დამოკიდებულია პენსიაზე და პენსიონერისთვის შეიძლება 50 ლარით გაზრდილი პენსია გადამწყვეტი აღმოჩნდეს, იმ წამლის საყიდლად, რომელმაც შეიძლება გადაარჩინოს მისი სიცოცხლე. ამიტომ, ადამიანი, პოლიტიკოსი, რომელსაც ამბიცია, რომ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და არ განიცდის პენსიის საკითხს, არ აყენებს პენსიის გაზრდის თემას და არ ცდილობს, რომ გვერდით დაუდგეს პენსიონერებს, მიმაჩნია არც პოლიტიკაში და არც თანამდებობაზე არ არის ყოფნის ღირსი. ამიტომ, ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტი იქნება პენსიის გაზრდა, აუცილებლად იქნება სოციალური დახმარებების სისტემის გამართვა, რადგან ასეულობით ათასი ადამიანისთვის პენსია და სოციალური, ეს არის გადარჩენის, წამლის ყიდვის, საჭმლის ყიდვის საკითხი და არ შეიძლება, იყო პოლიტიკაში და არ გაღელვებდეს 700 ათასი ადამიანის გაჭირვება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა.