დავით ბაქრაძე - პარტიიდან ფაქტობრივად წამოსული ვარ, აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დავით ბაქრაძე განმარტავს, რატომ არ მიიღებს მონაწილეობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან დღევანდელ შეხვედრაში.
დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ დანიელსონთან მოლაპარაკებებში გიგა ბოკერია მიიღებს მონაწილეობას.
„მინდა, წინასწარ განვმარტო მიზეზი, რატომ არ მივიღებ მონაწილეობას დღეს ბატონ დანიელსონთან ჩანიშნულ მოლაპარაკებებში. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების ყველა შეხვედრის კონკრეტულ შემადგენლობას განსაზღვრავს ევროპული მხარე, როგორც პროცესის მედიატორი და მასპინძელი. სწორედ მათი გადაწყვეტილებაა, დღევანდელ შეხვედრაში ყველა პარტია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენლით.
ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად, ასეთ მომენტში წარმოვადგენდე პარტია „ევროპულ საქართველოს“, რომლის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ვაცნობე საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრთა თხოვნით, პარტიის აპრილის ყრილობამდე ჯერ კიდევ ვითავსებ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, პარტიიდან ფაქტობრივად უკვე წამოსული ვარ და აღარ ვერევი პარტიული პოზიციების შემუშავებასა და გახმოვანებაში.
ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, პარტიის სახელით არ მივიღო მონაწილეობა დღევანდელ მოლაპარაკებებში. პარტიას წარმოადგენს გიგა ბოკერია, რომელიც, როგორც ცნობილია, აპირებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერად დარჩენას.
წარმატებულ მოლაპარაკებებს ვუსურვებ ჩემს თანამებრძოლებს და კოლეგებს. მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდზე მიღწეული შედეგების თაობაზე ჩემს პოზიციებსა და შეფასებას აუცილებლად ვაცნობებ საზოგადოებას.
აქვე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემი პოლიტიკური და პიროვნული რესურსით ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს წინსვლა, დემოკრატია, სტაბილურობა და ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგეს“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.