დავით ბაქრაძე - 31 ოქტომბერი არის შანსი თითოეული მოქალაქისთვის, რომ მოვუტანოთ ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები
დავით ბაქრაძე - 31 ოქტომბერი არის შანსი თითოეული მოქალაქისთვის, რომ მოვუტანოთ ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიგი უგულავასა და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიგა ბოკერიასთან ერთად, ზუგდიდში, დადიანების სასახლეში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

დავით ბაქრაძის თქმით, დღეს არსებულ გაჭირვებას, უიმედობასა და უპერსპექტივობას აუცილებლად შეცვლის 31 ოქტომბრის არჩევნები და „ევროპული საქართველოს“ გეგმა, რომელიც საქართველოს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

„ჩვენი ბრძოლა არ არის პარტიული ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა არ არის ევროპული საქართველოს ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა გარდამტეხი ცვლილებებისათვის საქართველოში, რომელიც უნდა მოიტანოს ევროპულმა საქართველომ და 2 ნომერმა.

დღეს ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე კრიზისში, საქართველოში არის ათეულობით ათასი ადამიანი, სადაც არც ერთი ადამიანი არ მუშაობს და არც ერთი ხელფასი არ შედის. საქართველოში არის ათეულობით ათასი ოჯახი, რომელთა საარსებო წყაროს წარმოადგენს პენსია და სოციალური დახმარება. არის ძალიან ბევრი პენსიონერი, ვისაც საკუთარი პენსია თვიდან თვემდე წამლის საყიდლად არ ჰყოფნის. საქართველოში დაბრუნდა დრო, როდესაც დედას ქუჩაში საკუთარი შვილის გაშვება ეშინია. საქართველოში დაბრუნდა უიმედობა და ყველაზე მძიმე კითხვა შევარდნაძის წარსულიდან -„გვეშველება რამე?!“.

ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ცვლილებების მომენტი არის 31 ოქტომბრის არჩევნები. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი შანსი, თუ ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, თუ ჩვენ 31 ოქტომბერს არ წავედით არჩევნებზე, თუ ჩვენ 31 ოქტომბერს არ შევცვალეთ ცხოვრება, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი ოთხი წელიც და კიდევ ბევრი წელიც, რადგან დანგრეულის აშენებას ბევრად მეტი სჭირდება, ბევრი წელი ვიქნებით უიმედობაში, სიღარიბეში, გაჭირვებაში, ტყუილში და იმ ყველაფერში, სადაც ჩვენ შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ, უნდა ვუთხრათ არა ოცნებას, შემოვხაზოთ „ევროპული საქართველო“ და ყველამ ერთად წავიყვანოთ ეს ქვეყანა წინ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.