დავით ბაქრაძე - კარგი იქნებოდა,  ხელისუფლებას გამოეჩინა პასუხისმგებლობა და პრემიერი ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმებით წასულიყო
დავით ბაქრაძე - კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას გამოეჩინა პასუხისმგებლობა და პრემიერი ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმებით წასულიყო

საღი აზრის ფარგლებში ყველას გვესმის, რომ პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში და ევროკავშირი-საქართველოს სხდომა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი ვადა, როდესაც ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ხელისუფლებას გამოეჩინა პასუხისმგებლობა და პრემიერი ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმებით წასულიყო.

ამასთან, როგორც ბაქრაძე აცხადებს, მხარეებს შორის მოლაპარაკება მუდმივად ვერ გაგრძელდება და პროცესი კონკრეტულ ვადებში უნდა დასრულდეს.

„ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ხელისუფლებას გამოეჩინა პასუხისმგებლობა და პრემიერი ბრიუსელში წასულიყო ხელმოწერილი შეთანხმებით და არა ცარიელი ხელებით. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ამის მიუხედავად, აგრძელებენ მოლაპარაკებას. გონივრული ვადა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ვერ გაგრძელდება უსასრულოდ, ვერ გაიწელება პროცესი. პროცესი უნდა დასრულდეს კონკრეტულ ვადებში. ის, რომ პროცესს არ აქვს ხელოვნური შეზღუდვა და არ არის ისე, რომ გუშინ ღამე უნდა დამთავრებულიყო, როგორც „ოცნებამ“ დაგვიანონსა, ეს არის მნიშვნელოვანი. ეს გვაძლევს შანსს, ბოლომდე მივიყვანოთ მოლაპარაკება.

შინაარსობრივ კომენტარს ვერ გავაკეთებ – იმიტომ არა, რომ რაიმე დასამალია. მხარეების პოზიცია თქვენთვის ცნობილია, არაფერი დასამალი არ არის. მოლაპარაკებას აქვს თავისი წესი და სპეციფიკა, ამიტომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების თხოვნას, რომ შინაარსთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაკეთდეს, ანგარიშს ვუწევთ და შინაარსზე არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.