დავით ასათიანი - ვენეციის კომისიასთან აღვნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კარი გაიხსნას მაღალი რეპუტაციის იურისტებისთვის
დავით ასათიანი - ვენეციის კომისიასთან აღვნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კარი გაიხსნას მაღალი რეპუტაციის იურისტებისთვის

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე რეკომენდაციების შემუშავებისას ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ რეალობასაც გაითვალისწინებს.

ასოციაციის წევრები ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს დღეს შეხვდნენ.

„ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ავუხსენით, თუ რა სამართლებრივი მდგომარეობაა, რა გამოწვევებია ქართული მართლმსაჯულების წინაშე და რა გზები შეიძლება გამოინახოს, რათა ნდობა მართლმსაჯულებისადმი ამაღლდეს. ვენეციის კომისიასთან აღვნიშნეთ, რომ ნდობის გასაძლიერებლად ძალიან მნიშვნელოვანია, კარი გაიხსნას მაღალი რეპუტაციის იურისტებისთვის, რათა მოხდეს მათი წარდგენა და ნომინირება უზენაეს სასამართლოში. კანონპროექტი გარკვეულ ბარიერებს აწესებს ამისთვის და ჩვენ მიგვაჩნია, რომ დამატებითი ხელოვნური ბარიერების შექმნა იურიდიული პროფესიისთვის, წარმატებული, კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე იურისტებისთვის არ არის საჭირო“, – აღნიშნა დავით ასათიანმა.