დავით ასათიანი - მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება ადვოკატის მხრიდან მიუღებელია
დავით ასათიანი - მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება ადვოკატის მხრიდან მიუღებელია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის მიერ მედიით გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება. მისი თქმით, მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება ადვოკატის მხრიდან მიუღებელია.

„ყველანი შეძრწუნებულნი ვართ ახალგაზრდა გოგონას სასტიკი მკვლელობით. ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები უკვე ურთულეს პრობლემად გვექცა, რაზეც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.

ორმაგად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გავრცელება მოხდა ადვოკატის მხრიდან, რაც მიუღებელია და არ შეესაბამება ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებს.

ადვოკატს, კლიენტის ინტერესების დაცვის გარდა, გააჩნია განსაკუთრებული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ხარისხიან მართლმსაჯულებაზე, რაც ასევე გულისხმობს ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების მკაცრად დაცვასაც, მით უფრო მაშინ, როდესაც გარდაცვლილის შელახული პირადი უფლების აღდგენა ვერ განხორციელდება.

მინდა, საზოგადოების გასაგონად განვაცხადო, რომ ქართველ ადვოკატთა უმრავლესობა თავდადებით შრომობს მოქალაქეთა დასაცავად და სწორად ესმის საკუთარი როლი, თუმცა, სამწუხაროდ, არის გამონაკლისი შემთხვევები და შეცდომები, ხანდახან მძიმეც, რაც გულწრფელად მაშფოთებს. ადვოკატთა ასოციაცია მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას, რათა გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები“, – აღნიშნულია დავით ასათიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.