დავით ასათიანი - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური ერთადერთი გამოსავალია
დავით ასათიანი - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური ერთადერთი გამოსავალია

დავით ასათიანი მიიჩნევს, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, კანონით ეს ზუსტად არ არის დარეგულირებული, თუმცა თვლის, რომ სხვადასხვა პოზიციების არსებობის ფონზე, მეორე ტური ერთადერთი გამოსავალია.

“კანონი გვაძლევს ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას, იმასთან დაკავშირებით გამოცხადდეს თუ არა მეორე ტური. კანონი საერთოდ არც ითვალისწინებს მეორე ტურს, ეს არის ჩვენი შიდა რეგულაციით დარეგულირებული საკითხი. მე შევთავაზე ბატონ ჯანაშიას, თუ ის რეალური კანდიდატია, იმისათვის რომ განიმუხტოს ყველა ეჭვი თუ კითხვის ნიშანი, ჩავატაროთ მეორე ტური. ოქმი ჯერ არ არსებობს. არჩევნების ლეგიტიმაციის დაყენება საერთოდ ფანტაზიის სფეროდან არის. ეს იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, რაც კი ჩატარებულა. საარჩევნო დარღვევებზე პრეტენზიებს პასუხი უნდა გასცეს კომისიამ. რაც შეეხება ჩემ პოზიციას, მე მოგებული მაქვს ჯანაშიასთვის 500 ხმით. თუ კი რამე დარღვევა იყო, ჩემ წინააღმდეგაა მიმართული. მე დამაჯერებლად გავიმარჯვე. ამ პრეტენზიების საუკეთესო გამოსავალია მეორე ტური“, – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ასათიანმა.

ადვოკატთა ასოციაციაციის თავმჯდომარის არჩევნები 10 დეკემბერს გაიმართა. ხმის მიცემის პროცესში სულ 2324 ადვოკატი მონაწილეობდა, მათგან ყველაზე მეტი, 1128 ხმა დავით ასათიანს ერგო, თუმცა გამარჯვებისთვის და ხმათა 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.