დავით არახამია - უკრაინა უსაფრთხოების გარანტორებად ხედავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებს
უკრაინა უსაფრთხოების გარანტორებად ხედავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ სტამბოლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან განმარტა, რომ თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს ხელი არაფერზე მოუწერიათ.
„ჩვენ უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებად ვხედავთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს – ეს არის დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი. რუსეთის ფედერაციაც ამაში შედის, თუმცა ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ, ასევე აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი“, – განაცხადა არახამიამ.
მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იქნება ღია, თუ სხვა ქვეყნები ისურვებენ მასთან მიერთებას.
არახამიამ განმარტა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სავარაუდო გარანტორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რამდენიმე მათგანმა უკვე გასცა წინასწარი თანხმობა.
ამასთან ერთად, არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები დროებით არ გავრცელდება დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყირიმსა და სევასტოპოლზე.