დავით არახამია - სასამართლო სისტემა არ აძლევს სააკაშვილს უფლებას, იმკურნალოს უცხოელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, ამის შემდეგ იქნება ევროპული სასამართლო
დავით არახამია - სასამართლო სისტემა არ აძლევს სააკაშვილს უფლებას, იმკურნალოს უცხოელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, ამის შემდეგ იქნება ევროპული სასამართლო

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ იქნება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, საქართველოს ხელისუფლება თუ არ აღიარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, იქნება დასტური, რომ პრორუსული კურსი აირჩია, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ სააკაშვილის თაობაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

არახამიას თქმით, „ხედავენ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის და მისი სიცოცხლის ხელყოფის კონკრეტულ მცდელობას“.

„ვიმყოფებით ევროპარლამენტში, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. იცით, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში აღმაშფოთებელ ფაქტებს ჩადის და არ აძლევს ყოფილ პრეზიდენტს უფლებას, წავიდეს და იმკურნალოს უცხოელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ეს ყველა საერთაშორისო, ჰუმანიტარული და მორალური ნორმის დარღვევაა. ამიტომ იძულებული ვართ, ვიმუშაოთ ევროპარლამენტარებთან ერთად. უკრაინის პარლამენტმაც მიიღო მსგავსი რეზოლუცია, ასევე პოლონეთის სეიმმა და დღეს უკვე ევროპარლამენტმა. ამის შემდეგ იქნება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. თუ საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს უკვე იქნება დასტური, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პრორუსული კურსი და რუსეთის კოლონიად ყოფნა აარჩია. იმედია, ეს არ მოხდება, ეს მიმართვა კი დაეხმარება სააკაშვილს, წავიდეს სამკურნალოდ და არ დაკავდეს პოლიტიკით, როგორც ამით დღეს სპუკულირებას ცდილობენ. მან უნდა იცოცხლოს, ჩვენ კი ვხედავთ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის და მისი სიცოცხლის ხელყოფის ძალიან კონკრეტულ მცდელობას“, – განუცხადა დავით არახამიამ „მთავარ არხს“.