დავით არახამია - სამშვიდობო შეთანხმება ან ცუდი იქნება, ან ძალიან ცუდი, ან საერთოდ არ იქნება, კარგი სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობა ამჟამად არ არსებობს
სამშვიდობო შეთანხმება ან ცუდი იქნება, ან ძალიან ცუდი, ან საერთოდ არ იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან „კარგი სამშვიდობო შეთანხმების“ დადების შესაძლებლობა ამჟამად არ არსებობს.
„ბევრია ისეთი, ვინც ჯერ კიდევ თვლის, რომ შეთანხმებისთვის რაღაც ფანტასტიკური პირობები უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ ის ან ცუდი იქნება, ან ძალიან ცუდი, ან საერთოდ არ იქნება“, – განაცხადა არახამიამ.
მოლაპარაკებების ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევის ალბათობის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე, არახამიამ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ამერიკული ზეწოლის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლა უკრაინაზე უფრო დიდია, ვიდრე რუსეთზე, შანსი არსებობს. თუმცა, არახამიას თქმით, ამერიკის მონაწილეობის გარეშე, შეთანხმების შანსი არ იარსებებს.
არახამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება და დონეცკის რეგიონის რუსეთისთვის გადაცემას არ დათანხმდება. ამასთან, მისი თქმით, ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები სუსტია.