დავით აფციაური - ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო ადრე დავიწყეთ, 2014 წელს, როდესაც ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დავით აფციაური - ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო ადრე დავიწყეთ, 2014 წელს, როდესაც ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო ადრე დავიწყეთ, 2014 წელს, როდესაც ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ყოფილმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დავით აფციაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას განაცხადა.

„პროექტის „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ ფარგლებში ვიყავით ერთ-ერთი დამფუძნებელი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურის აზიის ბანკის, რომელიც პეკინში მდებარეობს და როდესაც მარშრუტები განიხილებოდა, ერთ-ერთი მარშრუტი იყო შუა დერეფანი, თუმცა პერსპექტივის გათვალისწინებით. ამიტომ დღეს ეს არის გაგრძელება ჩვენი აქტიური თანამშრომლობის, ამ დინამიკის და, რასაკვირველია, გამოკვეთილია ჩინეთის მკაფიო, აქტიური პოზიცია-დაინტერესება, რომ ეს მიმართულება განვითარდეს“, – განაცხადა აფციაურმა.

მისი თქმით, თუ ჩინეთისთვის მანამდე ევროპის ბაზარი იყო აქტუალური, რაც ახლაც აქტუალურია, ინტერესმა სხვა მიმართულებებითაც უფრო აქტიურად გადაინაცვლა.

ამასთან, დავით აფციაურმა აღნიშნა, რომ სტრატეგია მთელ რიგ პროგრამებშია ასახული და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ეკონომიკური განვითარების გლობალური ინიციატივები.

„ჩინეთს აქვს სამი ინიციატივა და ვფიქრობ, პროექტს ახლა აქვს ძალიან კარგი შანსი, დაიკავოს უფრო მდგრადი ადგილი ამ გლობალურ ინიციატივებში, თუმცა ინიციატივა ბევრია. მათ შორის, არის დასავლეთის ინიციატივები და სასიხარულო ზუსტად ის არის, რომ, ჩინეთის ინიციატივასთან ერთად, იქითა მხრიდანაც დღეს იკვეთება არა მარტო დაინტერესება, არამედ გადაიდგა რეალური ნაბიჯები თანამშრომლობისკენ. მსოფლიო იცვლება, მაგრამ ჩინეთის დამოკიდებულება ამ მიმართულების განვითარებისადმი არის უცვლელი და, ვფიქრობ, მას კარგი პერსპექტივა აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ნაკლებად კომერციული, უფრო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობის“, – განაცხადა აფციაურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჩინეთისა და დასავლეთის ურთიერთობების გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა იმის თუნდაც თეორიული დაშვება, რომ შეიძლება, ჩვენ მოგვიწიოს არჩევანის გაკეთება, საით ვართ, დავით აფციაურმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენ გვაძლევს უნიკალურ შანსს, ზუსტად წარმოვადგინოთ ევროპულობა ჩინეთთან თანამშრომლობაში.

„საქართველო არის დამაკავშირებელი ქვეყანა, არა მარტო ტრანზიტის ფუნქციის ათვისების პრეტენზიით, არამედ უფრო ფართო გაგებით და შინაარსობრივად დატვირთული. წარმოგიდგენიათ ჩინეთის გარეშე ნებისმიერი მოდელი პოსტპანდემიის პერიოდში, როდესაც აქტიურად ვითარდება საკომუნიკაციო კავშირები და მიდის აღდგენითი პროცესი? ეს ალბათ წარმოუდგენელია. როგორც დამაკავშირებელი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენ გვაძლევს უნიკალურ შანსს, ზუსტად წარმოვადგინოთ ევროპულობა ჩინეთთან თანამშრომლობაში, საერთოდ, მთლიანად აზიის ეკონომიკურად მზარდ რეგიონთან“, – განაცხადა აფციაურმა.

მისივე თქმით, შუა დერეფანს ყველა ძირითადი გლობალური და რეგიონული მოთამაშე, პრაქტიკულად, პოზიტიურად უყურებს.

„ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ პოზიტიურად ხედავენ, როგორც განვითარების ალტერნატიულ საშუალებას იმ ფონზე, რა უბედურებაც დღეს უკრაინაში ხდება. „გლობალური კარიბჭის“ ფონდიდან უკვე გამოყოფილია თანხები ელექტროკაბელის პროექტის ტექნიკურ დამუშავებაზე. ანუ, პრაქტიკულად, დავიწყეთ ჩვენ თანამშრომლობა ევროპასთან, რაც არის გლობალური ინიციატივის ნაწილი, სხვათა შორის, ევროპული. ეს სრულიად ახალი ელემენტია. ასე რომ, არ შეიძლება ასე მარტივად ლაპარაკი, რომ რაღაცნაირად გადახრა არის ან ჩინეთისკენ, ან სხვა მიმართულებისკენ“, – განაცხადა აფციაურმა.

დავით აფციაურმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ძალიან ბევრმა რამემ რეგიონებში და რეგიონთა შორის ურთიერთობებში გადაინაცვლა და საქართველოს აქვს საშუალება, იყოს მნიშვნელოვანი ელემენტი თანამშრომლობის ყველა დონეზე, როგორც რეგიონული, ისე გლობალური, რომ აბსოლუტურად აქტიურად, კონკრეტულად ითანამშრომლოს და დაიკავოს შესაბამისი ადგილი.