დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს, ინგლისური კლუბი მის შემცვლელს ეძებს #1TVSPORT
ბრიტანული გამოცემის, Daily Mail-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა დატოვებს.
დე ხეას ინგლისური ფეხბურთის გრანდთან მოქმედი ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება, ხოლო მხარეები ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ უკვე ეძებს ესპანელი მეკარის შემცვლელს. პოტენციურ კანდიდატებს შორის „ინტერის“ კამერუნელი კარის დარაჯი ანდრე ონანაა, მას მილანური კლუბი 50 მილიონ ევროდ აფასებს.
წყაროს ცნობით, „წითელი ეშმაკები“ დე ხეასთან საქმის საბოლოოდ დასრულებას ელიან და ამის შემდეგ ონანას თაობაზე პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააგზავნიან.
დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 2011 წლიდან თამაშობს. როდესაც ის გუნდში მივიდა, მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი იყო.
ესპანელმა 12 წლის მანძილზე მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირზე 545 მატჩი ჩაატარა. ორჯერ პრემიერლიგის „ოქროს ხელთათმანი“ მოიგო, ხოლო ხუთჯერ ამ ტურნირის სეზონის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.