დავიდ ალაბამ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა - ავსტრიელს ევრო 2024-ის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა ავსტრიელი მცველის დავიდ ალაბას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
31 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო ლა ლიგას მე-17 ტურის მატჩში „ვილიარეალის“ (4:1) წინააღმდეგ. ალაბამ მარცხენა მუხლი დაიზიანა და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი.
„ჩვენი ფეხბურთელის გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. უახლოეს დღეებში მას ოპერაცია ჩაუტარდება“, – წერია განცხადებაში.
ავსტრიელი „რეალის“ მესამე ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში, ვინც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა – მანამდე ასეთი ტრავმები მიიღეს მეკარე ტიბო კურტუამ და მცველმა ედერ მილიტაომ.
ჩვეულებრივ, მსგავსი ტრავმებისას აღდგენას ნახევარი წელი სჭირდება. ასე რომ, ალაბა ამ სეზონში ვერ შეძლებს თამაშს და შეიძლება ევრო 2024 გამოტოვოს.
დავიდ ალაბამ ამ სეზონში ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.