აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას სავარაუდოდ ე.წ. პრემიერ-მინისტრი შეასრულებს
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას სავარაუდოდ ე.წ. პრემიერ-მინისტრი შეასრულებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას სავარაუდოდ ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა შეასრულებს, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ განაცხადა.

როგორც კოვემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თაობაზე პარლამენტმა გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.

კოვე განმარტავს, რომ დე ფაქტო მთავრობა 22 მარტამდე, ანუ ახალ არჩევნებამდე გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას.

„როგორც იცით, გუშინ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს გადადგომის შესახებ. დღეს მშვიდი სიტუაციაა. დღეს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ, 22 მარტს უკვე ახალი არჩევნები ჩატარდება. მინისტრთა კაბინეტი არჩევნებამდე შეასრულებს თავის მოვალეობებს, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კი, უკვე ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება“, – აღნიშნა დაურ კოვემ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ დატოვა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ და ხომ არ იყო ეს გზავნილი კრემლიდან, კოვე განმარტავს, რომ მსგავსი მოსაზრება მცდარია.

„რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები სოხუმში შეიძლება ითქვას, მშვიდობისმყოფელების მისიით ჩამოვიდნენ, რათა არსებული სიტუაცია განეხილათ. იმის თქმა, რომ მათ ჩამოსვლამ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე იქონია გავლენა, არასწორია. მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო“, – განაცხადა დაურ კოვემ.