დათო კიკვიძე - ლარის კურსი რეალურ წონასწორულ ნიშნულს უახლოვდება
დათო კიკვიძე - ლარის კურსი რეალურ წონასწორულ ნიშნულს უახლოვდება

ლარის კურსი რეალურ წონასწორულ ნიშნულს უახლოვდება. მიუხედავად მოახლოებული საახალწლო ხარჯების, ეროვნული ვალუტა სავარაუდოდ, გამყარების ტრენდს შეინარჩუნებს და მომავალი წლის პირველ კვარტალში ჩვენი ეკონომიკის შესაბამისი რეალური გაცვლითი კურსი გვექნება, – ამის შესახებ ეკონომისტმა და საბანკო პროდუქტების ექსპერტმა, დათო კიკვიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.

გადაცემაში ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მისი პერსპექტივა განიხილეს. დისკუსიის დროს გადაცემის თანაწამყვანმა და ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის შესამჩნევი გამყარება დიდი ალბათობით, რეალური წონასწორული ნიშნულისკენ სვლაა და უნდა შენარჩუნდეს.

„[ლარის გამყარებას] მე უფრო მოლოდინების ტალღის გადასვლას დავაბრალებდი და დაგეთანხები გიორგი, რომ ლარი რაღაც ეტაპზე მგონი ნამდვილად გამყარების რეალურ წონასწორულ მომენტს უახლოვდება, რაც ეკონომიკას დღევანდელ ვითარებას შეესაბამება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი წლის პერიოდი მოდის, რასაც ისტორიულად ეკონომიკური სუბიექტების გააქტიურება ახასიათებს, როცა ისინი მეტ ფულს ხარჯავენ, რაც ლარის კურსზე ცოტა წნეხს იწვევს ხოლმე. თუმცა თუ გადავხედავთ ბოლოდროინდელ მომენტებს, საახალწლოდ გაზრდილი დანახარჯების მიუხედავად, იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამყარების ტრენდი შენარჩუნდება და მომავალი წლის პირველ კვარტალში რეალური გაცვლითი კურსის ის მაჩვენებელი გვექნება, რაც ჩვენს ეკონომიკას შეესაბამება“, – განმარტა კიკვიძემ. 

მისი მოსაზრებით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარების ტრენდი რომ შენარჩუნდეს, მნიშვნელოვანია, ლართან დაკავშირებით ზედმეტი საუბარი შეწყდეს და პოზიტიური განცხადებები გაკეთდეს. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ შეთანხმებული პოლიტიკა უნდა გაატარონ. მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდ პოლიტიკურ გარემოსაც.

„ეკონომიკის დაუწერელი კანონია, რომ პოლიტიკური პროცესები, გარე და შიდა ფაქტორები, რაც ეკონომიკასთან პირდაპირ კავშირში არ არის, როგორც წესი ეკონომიკაზე ყოველთვის ზეგავლენას ახდენს, მათ შორის კურსზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მიმდინარე ეტაპზე არის კურსი, ფაქტობრივად ყველა მოვლენა, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ხდება – ავტომატურად კურსზე აისახება. თანაც საზოგადოებაში ყველა რატომღაც ლარზე ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამასთან შეხება. ეს ფონს ქმნის. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური მოვლენები, როგორც შიდა, ასევე გარე, ლარის კურსზე ცალსახად მოქმედებს. რაც უფრო მშვიდი პოლიტიკური გარემო გვექნება, პირველ რიგში ქვეყნის შიგნით, ეს თავისთავად ეკონომიკაზე და შესაბამისად, ლარის კურსზეც დადებითად აისახება“, – განუცხადა დათო კიკვიძემ „ბიზნესპარტნიორს“.