დაშავებული მეშახტე - ტალღამ დამარტყა, 17 მეტრზე გადამაგდო, თვალი რომ გავახილე, სისხლში ვიყავი
დაშავებული მეშახტე - ტალღამ დამარტყა, 17 მეტრზე გადამაგდო, თვალი რომ გავახილე, სისხლში ვიყავი

„შახტში რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, ყველამ იცის. არ არის დაცული და ვერც იქნება“, – ამის შესახებ მინდელის შახტში დაშავებულმა ირაკლი კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძემ შახტში მომხდარის დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

„ტალღამ დამარტყა და ძირს დავარდნილი 17 მეტრზე მატარა. რა მოხდა, ვერ მივხვდი. როცა თვალები გავახილე, სისხლში ვიყავი. ფორთხვით მივედი ტელეფონთან და მომხდარის შესახებ ადმინისტრაციას გავაგებინე. არ ვიცოდი, სად იყვნენ დანარჩენები, თუმცა მივხვდი, რომ ისინი ცოცხლები არ იქნებოდნენ, რადგან მე ყველაზე უსაფრთხო ადგილზე ვიყავი და რა დღეში ჩამაგდო ამ ტალღამ, წარმოვიდგინე, დანარჩენებს რას უზამდა. უცებ დაშავებული მუშის ხმა შემომესმა, შველას ითხოვდა. ხმას გავყევი და დავინახე კიბეებში იყო გაჭედილი. მივფორთხდი, ზურგზე მოვიკიდე და ჩამოვიყვანე. შოკურ მდგომარეობაში იყო“, – იხსენებს ირაკლი კირკიტაძე.

ირაკლი კირკიტაძე მინდელის შახტში მომხდარის ზუსტ მიზეზზე ვერ საუბრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ყოფილიყო.

„შესაძლოა, ეს იყო გამოწვეული უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, შესაძლოა – არა. ის ისეთი ადგილია, სადაც არის სამთო დარტყმები და მეშახტეებმა იციან ამ რისკის შესახებ“, აცხადებს კირკიტაძე პირველ არხთან.

უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ირაკლი კირკიტაძე ქუთაისის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მას ტვინის შერყევა აქვს და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

ირაკლი კირკიტაძე კომპანია „საქნახშირში“ უკვე 11 წელია მუშაობს. 10 წელი ელმავლის მემანქანე იყო, ბოლო ერთი წელია, ნახშირის მომპოვებულ უბანზე გადავიდა.