თეატრები აჭარის ტელევიზიის პროექტ „ტელესპექტაკლის“ დახურვას აპროტესტებენ
თეატრები აჭარის ტელევიზიის პროექტ „ტელესპექტაკლის“ დახურვას აპროტესტებენ

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დასავლეთ საქართველოში არსებული ყველა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მსახიობებმა აჭარის ტელევიზიაში ტელეპროექტ „ტელესპექტაკლის“ დახურვა გააპროტესტეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თეატრალურმა საზოგადოებამ, რომელიც სამი ათას წევრს აერთიანებს, წერილობით მიმართა ტელევიზიის ხელმძღვანელობას, რომელსაც ოფიციალური პასუხი ჯერ არ მოჰყოლია.

თეატრის წარმომადგენლები შეხვედრის დასრულების შემდეგ ბათუმში გაემგზავრებიან, სადაც ტელევიზიის ბორდთან შეხვედრას მოითხოვენ.

„ამ პროექტის შეჩერებით დარტყმა მიაყენეს რეგიონულ კულტურულ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოს ეროვნული თვითშეგნების ღალატია”, – განცხადა პირველ არხთან მესხიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ.


პროექტი სამი წელი არსებობდა და რეგიონული თეატრების რეპერტუარიდან 60 სპექტაკლის ტელევერსია შექმნა.