დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში შეტაკებებისას ერთ დღეში 250-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში შეტაკებებისას ერთ დღეში 250-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

აღმოსავლეთ იერუსალიმში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და ისრაელის სპეცრაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 263 პალესტინელი დაშავდა. ინფორმაციას ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაზე“ დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 70-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია.

ბოლო ერთ კვირაში შეტაკებებს აღნიშნულ ტერიტორიაზე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საერთო ჯამში დაშავებულთა რაოდენობა კი, 1 500-ს აღემატება.

არეულობა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზას სექტორში 6 დეკემბერს დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა.

ორი დღის წინ ტრამპის საპასუხოდ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ გაყოფილი ერთეული სტატუსის მქონე იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად გამოაცხადა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი იერუსალიმში თურქეთის საელჩოს გახსნა დააანონსა.

დატოვე კომენტარი