დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო
ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო. ორგანიზაციის ცნობით, მასში გაწევრიანებულები არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ტელეგრამარხ „როსპარტიზანზე“ გავრცელდა.
განცხადებაში აღნიშნულია რომ „ნაციონალური რესპუბლიკური არმია“ უკრაინაში ომის წინააღმდეგია.
„ჩვენ პუტინს ვაცხადებთ ხელისუფლების უზურპატორად და სამხედრო დამნაშავედ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი სამხედროები სიკვდილისთვის გასწირა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია საკუთარ მიზნად პუტინის განადგურებას ასახელებს. განცხადებაში ასევე აფრთხილებენ ყველა რუს ჩინოვნიკს, რომ თუ ისინი არ დათმობენ ძალაუფლებას, მათაც „განადგურება ელოდებათ“.
„ნაციონალური რესპუბლიკური არმია“ ასევე აცხადებს, რომ მზადაა, სამხედრო ტვირთები გაანადგუროს რუსეთის ტერიტორიაზე. მათ ასევე მოუწოდეს ძალოვანებს და სამხედროებს, დაყარონ იარაღი და არ შეასრულონ პუტინის რეჟიმის ბრძანებები.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენი ძმების მიმართულებით სხვა ქვეყნებიდან – საქართველოდან, სირიიდან. მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდით და აღმართოთ ლურჯ-თეთრი ფერის ახალი რუსეთის დროშა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვში ალექსანდრ დუგინის მანქანა
ააფეთქეს, რის შედეგადაც დაიღუპა მისი შვილი დარია დუგინა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში
განაცხადეს, რომ დანაშაული, რომლის შედეგადაც დარია დუგინა დაიღუპა, წინასწარ იყო შეკვეთილი და დაგეგმილი.