დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ბეგაძეს ირაკლი მეზურნიშვილი შეცვლის
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ბეგაძეს ირაკლი მეზურნიშვილი შეცვლის

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დეპუტატ გიორგი ბეგაძეს ირაკლი მეზურნიშვილი შეცვლის.

კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ გიორგი ბეგაძე თანამდებობას საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს.

ბეგაძის გადაწყვეტილებაზე კითხვები აქვს ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს.

„ბეგაძე კომიტეტის სხდომას არ ესწრება. როცა ადამიანი არ ესწრება, ეს ალბათ პროტესტის ფორმას უკავშირდება. ღირსად არ ჩაგვთვალა, რომ აეხსნა, რატომ მიდის. თუ იცით, გვითხარით. იქნებ, გადააყენეს“, – აღნიშნა გოცირიძემ.

გოცირიძეს კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ბეგაძის პირადი გადაწყვეტილებაა და პოლიტიკურ ინსინუაციებს გამორიცხავს. კომიტეტის წევრებმა ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.