დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ტურიზმის ადმინისტრაციის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს მოისმენენ.

ანგარიშს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს, რომელიც ტურიზმის მდგრადი განვითარების შესახებ ისაუბრებს. საუბარი ასევე შეეხება ტურიზმის განვითარების სამომავლო გეგმებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ბეგაძის თქმით, მარიამ ქვრივიშვილი ყურადღებას წლევანდელ სეზონზეც გაამახვილებს. მისივე ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, წლევანდელ სეზონზე ტურისტების შემოდინების მაჩვენებელი მაღალი იქნება.

„ტურიზმის ადმინისტრაციას რამოდენიმე თვეა ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. მოვუსმენთ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, ერთ-ერთი წარმატებული და მზარდი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დარგიდან ჩვენმა მოქალაქეებმა და ინდუსტრიაში ჩართულმა ადამიანებმა, ბიზნესმა და მთლიანად ქვეყანამ მაქსიმალური სიკეთე მიიღოს. ჩვენ ველოდებით ტურიზმის ადმინისტრაციიდან ტურიზმის განვითარების ახალ ეტაპს გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რაც დღეს ტურიზმის მიმართულებით არსებობს. რაც შეეხება გამოწვევებს, ეს არის უპირველეს ყოვლისა, ტურიზმის მდგრადი განვითარება, რაც არის მსოფლიო პოლიტიკა ტურიზმის მიმართულებით, ეს არის ტურისტული პროდუქტების დივერსიფიცირება. წლევანდელ სეზონზეც, რა თქმა უნდა იქნება ყურადღება გამახვილებული. ჩვენ უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები, რომ გასულ წელთან შედარებით, წლევანდელ წელს იქნება მზარდი მაჩვენებლები, როგორც შემოსავლის თვალსაზრისით, ასევე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.