დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში „თიბისი ბანკის“ საკითხზე მოსმენაა დაგეგმილი

07:03, 26.02.2019

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს „თიბისი ბანკის“ საკითხზე მოსმენა გაიმართება.

კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოხსენებაა დაგეგმილი. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოხსენების პირველი თემა ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებს ეხება, ხოლო მეორე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს.

საკომიტეტო მოსმენაზე მისვლას გეგმავენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ინფორმაცია პირველ არხს „თიბისი ბანკში“ დაუდასტურეს.

ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპისა და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

ეროვნული ბანკის პოზიციის მიუხედავად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი არ შეცვლილა, თუმცა დაზუსტებით არ არის ცნობილი, მივა თუ არა კობა გვენეტაძე დღეს საკომიტეტო მოსმენაზე.

მსგავსი