დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გიორგი ქობულიას მოუსმენენ
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გიორგი ქობულიას მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წინაშე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია წარდგება.

კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას მინისტრთან რამდენიმე შეკითხვა აქვს. კაკულიას განსაკუთრებული ინტერესი ახალ ეკონომიკურ მიდგომებს ეხება. ასევე, ის დაინტერესებულია, როგორია ეკონომიკის სამინისტროს ხედვა სატრანსპორტო პოლიტიკასთან, ანტიდემპინგურ კანონმდებლობასა და სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით.

„პირველი შეკითხვა იქნება ახალი ეკონომიკური მიდგომები, ახალი ეკონომიკური მოდელის განსაზღვრის აუცილებლობა, ახალი არა თვისობრივად, არამედ ჩვენს პირობებზე მორგებული ეკონომიკური მოდელი. იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი აცდენა გვაქვს ამ შემთხვევაში. თუ ჩვენ გვინდა ეფექტიანი ეკონომიკა, უნდა ვიცოდეთ, რომ სასწორის მხარეს მაშინ დევს სამართლიანობა. ორივეს ერთად მიღწევას ვცდილობთ, რაც არ გამოგვდის. ამიტომ საზოგადოებას ავუხსნათ, რა არის მიღწევადი და რის ფასად უახლოეს ორ წელიწადში. ჩვენ გვინდა, ასევე დავაზუსტოთ როგორია ეკონომიკის სამინისტროს ხედვა იმ მიმართულებით, როგორიცაა სატრანსპორტო პოლიტიკა ხმელეთზე, ზღვაზე, რკინიგზაზე, ჰაერში. გვინდა, გავიგოთ ანტიდემპინგურ თუ კონკურენციის კანონმდებლობაზე რას ფიქრობენ, სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით როგორია უფრო სიღრმისეული ხედვა. ჩვენ ასევე ვილაპარაკებთ ენერგეტიკასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა რომან კაკულიამ.