დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპლექსი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით წელიწადზე მეტი დასჭირდა. მიხარია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდა ეს სივრცე და ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ადგილზე გვაქვს დარეჯანის სასახლე, რომელიც ხვალიდან სტუმრებს მიიღებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ტერიტორია. კერძოდ, ზედა და ქვედა ეზოები მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, მოეწყო ბორდიურები, ასევე, სანიაღვრე არხები ლითონის ცხაურებითა და ჭებით. გამწვანდა ეზოსა და ციხის ტერასების გაზონები რულონური ბალახითა და სხვადასხვა ხე-მცენარით, ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა. დამონტაჟდა ლამპიონები, რესტავრაცია ჩაუტარდა ლითონის ჭიშკარსა და მოაჯირებს.

„აღდგა ერეკლეს აბანო. ნაგებობა გაიწმინდა წლების განმავლობაში დაგროვილი დანალექი მიწისა და სარეველა მცენარეებისაგან, დაზიანებულ შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრება (საძირკვლისა და იატაკის ფილის გაძლიერებით); აღდგა აბანოს არქიტექტურული იერსახე, აგურის წყობის კამარების რესტავრაციით, ჰიდროსაიზოლაციო ფენილის მოწყობით, შესასვლელი ხის კარის დამზადება-მონტაჟითა და აგურის იატაკის დაგებით.

განხორციელდა კომპლექსის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოები: გალავნის რესტავრაცია შესრულდა აგურის წყობის ღარების შევსებითა და ქართული აგურის წყობით კირის დუღაბზე; კედლების დაზიანებული ადგილები აღდგა ქვითა და ქართული აგურით კირხსნარზე; გალავანი გაიწმინდა ნაგვისა და მცენარეებისგან; გადალაგდა გალავნის კედლებზე გამავალი საკანალიზაციო მილები; საძირკვლები გაძლიერდა ყორე-ბეტონით, მიწისქვეშა წყლების გასატარებლად მოეწყო სადრენაჟო მილები; გალავნის კედლებსა და ბურჯებზე დამონტაჟდა მინათების სისტემა.

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გამაგრებისა და სადრენაჟე სისტემის გასაკეთებლად მოწყობილ ღრმა ჭრილში გამოვლინდა არქეოლოგიური ნაშთები, მათ შორის, გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა და შენარჩუნდა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შესრულდა ფერისცვალების დედათა მონასტრის XVIII საუკუნის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები.

სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდა სამშენებლო კომპანიის – „იკორთა 2007“ მიერ. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტმა 1 147 000 ლარი შეადგინა.

რეაბილიტირებული კომპლექსი ასევე დაათვალიერეს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, ისნის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა ალექსანდრე ტოგონიძემ.