დარასელიას თასის გათამაშება იწყება - „დინამოს“ აკადემიაში პრესკონფერენცია გაიმართა #1TVSPORT
დარასელიას თასის გათამაშება იწყება - „დინამოს“ აკადემიაში პრესკონფერენცია გაიმართა #1TVSPORT

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასის გათამაშება იწყება. ტურნირი, რომელიც ასაკობრივ გუნდებს შორის ტარდება, წელს მეხუთედ გაიმართება. ამასთან დაკავშირებით „დინამოს“ აკადემიის მედიადარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა.

თემურ ჭყონია, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიის“ პრეზიდენტი:

„ასეთი დონის საერთაშორისო ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია, „დინამო თბილისი“ ძალიან დიდ შრომას წევს მისი ორგანიზებისთვის და ეს დასაფასებელია. ის მოთამაშეები, რომლებმაც გულშემატკივარი და სრულიად ევროპა საქართველოსკენ მოაბრუნეს, სწორედ ამ ტურნირზე გამოჩნდნენ. ვგულისხმობ კვარაცხელიას, მამარდაშვილს, ჩაკვეტაძეს, დავითაშვილს და სხვებს“.

ირაკლი გვილავა, თბილისის მერიის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი: 

„დარასელიას სახელობის ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ პირველივე წლებიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ „დინამოსთან“. პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს, რადგან ძალიან მაგარი საქმე კეთდება, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას ეხმარება“.

დღესვე შედგა ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონია. „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობამ ოთხი ქვეყნის ხუთი გუნდი მიიწვია – იტალიური „ჯენოას“ და „მონცას“ აკადემიები, ასევე ესპანური „სევილია“, თურქული „ბაშაქშეჰირი“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“. ტურნირის გახსნის მატჩში მასპინძელი „დინამო თბილისი“ იტალიურ „მონცას“ დაუპირისპირდება.