დანიური კომპანია Danfoss საქართველოში საქმიანობის დაწყებით დაინტერესდა
დანიური კომპანია Danfoss საქართველოში საქმიანობის დაწყებით დაინტერესდა

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინშეხვედრა გამართა მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ დანიურ კომპანია Danfoss-სის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს იურგენ მედს კლაუსენთან და სხვა პასუხისმგებელ პირებთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინშეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დანიურ მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული სტრატეგია და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები, აგრეთვე უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე აღინიშნა, რომ დანიური კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ბიზნესის დაწყებით, მათ შორის, საწარმოს გახსნით.

„დანიური მხარის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ლიბერალური ბიზნეს გარემო, ასევე ის უპირატესობები, რომლებსაც ქვეყანას აძლევს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, EFTA-ს, დსთ-სა და რეგიონის ქვეყნებთან, აგრეთვე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა“, – აცხადებენ სამინისტროში.