დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თეთრ სახლში შეხვედრაზე მხარეები გრენლანდიის საკითხზე მაღალი დონის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვივიან მოცფელდმა შეხვედრა გამართეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ მათი მიზანი არქტიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად საჭირო გზის პოვნა იყო.
რასმუსენის თქმით, დანიამ უკვე გაზარდა საკუთარი წვლილი სამხედრო შესაძლებლობებში.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ს უკვე აქვს ფართო სამხედრო წვდომა გრენლანდიაზე 1951 წლის თავდაცვის შეთანხმების საფუძველზე.
„აშშ-ის ყოველთვის შეუძლია, მოითხოვოს თავისი წარმომადგენლობის გაზრდა გრენლანდიაში და ჩვენ კონსტრუქციულად განვიხილავთ ასეთ თხოვნებს“, – განაცხადა რასმუსენმა.
ამასთან, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრა იყო „გულწრფელი, მაგრამ კონსტრუქციული“. მისივე თქმით, დისკუსია ფოკუსირებული იყო გრენლანდიის გრძელვადიან უსაფრთხოებაზე, სადაც პოზიციები კვლავ განსხვავდება.
„პრეზიდენტმა ტრამპმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და ჩვენ სხვა პოზიცია გვაქვს. დანიის სამეფო თვლის, რომ გრენლანდიის გრძელვადიანი უსაფრთხოება შეიძლება უზრუნველყოფილ იყოს არსებული ჩარჩოს ფარგლებში – 1951 წლის შეთანხმებისა და ნატო-ს ხელშეკრულების საფუძველზე“, – განმარტა რასმუსენმა.
ლარს ლოკე რასმუსენმა უარყო ნებისმიერი იდეა, რომელიც არ სცემს პატივს დანიის სამეფოს ტერიტორიულ მთლიანობას და გრენლანდიის ხალხის თვითგამორკვევის უფლებას.
„ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და ამიტომ ჩვენ კვლავ ფუნდამენტური უთანხმოება გვაქვს“, – აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, რასმუსენის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მოლაპარაკებები და შექმნან მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი.
„ჯგუფმა უნდა იმუშაოს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამერიკული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა დანიის სამეფოს წითელი ხაზების პატივისცემით“, – განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, ჯგუფის პირველი შეხვედრა რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.