დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი სამდღიანი ვიზიტით გრენლანდიაში ჩავიდა.
დანიის მთავრობის ხელმძღვანელი კუნძულის მომავალი მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ფრედერიქსენის თვითმფრინავი გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკის აეროპორტში დაეშვა.
დანიის პრემიერ-მინისტრს მუთე ეგედე შეხვდა, რომელიც ამჟამად გრენლანდიის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელია. მოსალოდნელია, რომ ფრედერიქსენი სამდღიან ვიზიტს გრენლანდიაში კუნძულის მომავალ პრემიერ-მინისტრთან, იენს-ფრედერიკ ნილსენთან შეხვედრით დაიწყებს.
დანიის ხელმძღვანელობა გრენლანდიასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ქმედებებსა და განცხადებებზე მკაცრად რეაგირებს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გლობალური უსაფრთხოებისთვის გრენლანდიის ფლობა სურს.