დანიის პრემიერ-მინისტრი 2-4 აპრილს გრენლანდიას ეწვევა და ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებებს გამართავს
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი 2-4 აპრილს გრენლანდიას ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს დანიის ნახევრადავტონომიური ტერიტორიის ახალ მთავრობასთან.
„მე მოუთმენლად ველოდები გრენლანდიასა და დანიას შორის მჭიდრო და სანდო თანამშრომლობის გაგრძელებას“, – ნათქვამია დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
გრენლანდიაში მეტე ფრედერიკსენის ვიზიტი კუნძულთან დაკავშირებით აშშ-თან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხორციელდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკეთა განცხადება გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებით.
28 მარტს გრენლანდიაში იმყოფებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელმაც განაცხადა, რომ დანიას გრენლანდიის ხალხისთვის კარგი სამუშაო არ ჩაუტარებია. მისი თქმით, დანიას გრენლანდიის უსაფრთხოებაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩაუდვია.