დანიის ევროპის საქმეთა მინისტრი - არ ვვარაუდობთ 2002 წლის მსგავს დიდი გაფართოებას, ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კანდიდატი ქვეყნების მიერ კრიტერიუმების შესრულებაზე
ევროკავშირის საბჭოში არ ვვარაუდობთ 2002 წლის მსგავს დიდი გაფართოებას. არ დავასახელებთ საბოლოო ვადას, როდის შეეძლებათ კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანება, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კანდიდატი ქვეყნების მიერ კრიტერიუმების შესრულებაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი განმარტებით, კანდიდატი ქვეყნები სრულად უნდა იყვნენ შესაბამისობაში ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.
„ჩვენ არ ვვარაუდობთ კოპენჰაგენის ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ან იმას, რომ ჩვენ გვექნება ახალი დიდი გაფართოება, როგორც ეს 2002 წელს იყო, თუმცა დღეს აქ გაფართოების განახლებული მომენტის განსახილველად შევიკრიბეთ. ეს არის მთავარი საკითხი. ევროკავშირის გაფართოება დღეს არის არა მხოლოდ რელევანტური, არამედ ეს არის ის, რაც გვჭირდება და ეს აღქმულია უფრო ახლებური ხედვით, ვიდრე ადრე იყო. ახლა ეს არის უსაფრთხოების, სტაბილურობის საკითხი, რომ საჭიროა, ევროპა იყოს უფრო ძლიერი და ეს არის გეოპოლიტიკური აუცილებლობა. რაც შეეხება დროის პერსპექტივას, ჩვენ ევროკავშირის საბჭოში არ დავასახელებთ საბოლოო ვადას, ამ მიზანს, თუ როდის შეეძლებათ კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანება, რადგანაც ეს ასევე დამოკიდებულია კანდიდატ ქვეყნებზე. მათ უნდა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები, მათ უნდა გაატარონ რეფორმები. ჩვენ სწორედ ეს განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, დავაჩქაროთ გაფართოების პროცედურები ისე, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ დამსახურებაზე დამოკიდებული მიდგომა, რადგანაც ევროკავშირი არ იქნება ძლიერი, თუ კანდიდატი ქვეყნები არ შეასრულებენ კრიტერიუმებს. ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ კანდიდატი ქვეყნები 100%-ით უნდა იყვნენ შესაბამისობაში ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამ ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ბევრი კრიტერიუმი. ისინი როდესაც დააკმაყოფილებენ მათ, მაშინ შეეძლებათ, გახდნენ ევროკავშირის წევრები. მანამდე კი ჩვენ მათ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში დავეხმარებით“, – განაცხადა დანიის ევროპის საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე იმსჯელეს.