დანიელ ჰაგარი - ღაზაში ათასობით ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების კოლონისკენ მიემართებოდა, ზოგმა დაიწყო ძალადობრივი ქმედება, ისრაელის ჯარებმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს, დარტყმები არ განხორციელებულა
დანიელ ჰაგარი - ღაზაში ათასობით ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების კოლონისკენ მიემართებოდა, ზოგმა დაიწყო ძალადობრივი ქმედება, ისრაელის ჯარებმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს, დარტყმები არ განხორციელებულა

ისრაელის ჯარებმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს ათასობით ადამიანის დასაშლელად, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების კოლონისკენ მიემართებოდა, დარტყმები არ განხორციელებულა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„დღეს, დილით ისრაელის თავდაცვის ძალებმა კოორდინაცია გაუწიეს 38 სატვირთო მანქანას, რათა ჩრდილოეთ ღაზის მცხოვრებლებისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინათ. ეს ჰუმანიტარული დახმარება მოვიდა ეგვიპტიდან, გაიარა უსაფრთხოების შემოწმება კერემ შალომში და შემდეგ შევიდა ღაზაში.

როდესაც ეს სასიცოცხლო ჰუმანიტარული მარაგი მიემართებოდა ღაზისკენ, ათასობით ღაზელი გავარდა სატვირთო მანქანებისკენ, ზოგიერთმა დაიწყო ძალადობრივი ქმედება და ჰუმანიტარული მარაგის ძარცვა. სამწუხარო ინციდენტის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ასობით ღაზელი“, – განაცხადა ჰაგარიმ.

ჰაგარის თქმით, ისრაელის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ სატვირთო მანქანებს ჩაუსაფრდნენ და ცდილობდნენ მათ გაძარცვას, ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალებმა უკან დაიხიეს, რათა იქ მყოფი ათასობით ადამიანი ზიანისგან დაეცვათ.

„ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან დარტყმა არ განხორციელებულა დახმარების კოლონაზე“, – აღნიშნა ჰაგარიმ.

ჰაგარის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები მსგავს ოპერაციებს უკანასკნელი ოთხი ღამის განმავლობაში უპრობლემოდ ახორციელებენ და ეს არ იყო პირველი ღამე.

„ეს ჰუმანიტარული დახმარება კოორდინირებული იყო ისრაელის მიერ, ღაზაში მყოფი ხალხისთვის. ჩვენ გვინდა, რომ დახმარებამ მიაღწიოს ღაზის მოსახლეობამდე. ჩვენ ვმუშაობთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რათა დავეხმაროთ მათ ღაზაში დახმარების განაწილების საკითხის გადაჭრაში, ეს პრობლემაა. ჩვენ ვაღიარებთ ღაზაში უდანაშაულო ხალხის ტანჯვას. სწორედ ამიტომ ვეძებთ გზებს ჩვენი ჰუმანიტარული ძალისხმევის გასაფართოებლად. ამიტომ ვაწარმოებთ ჰუმანიტარულ ოპერაციებს. ჩვენი ომი არის „ჰამასის“ და არა ღაზაში მყოფი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰაგარიმ.