დანიაში უკრაინის ელჩი - 100-ზე მეტი დანიელი მოხალისე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის
დანიაში უკრაინის ელჩი - 100-ზე მეტი დანიელი მოხალისე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის

100-ზე მეტი დანიელი მოხალისე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, – ამის შესახებ დანიის სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მიხაილო ვიდოინიკმა დანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის საელჩოს ყოველდღიურად დანიის ათობით მოქალაქე უკავშირდება და ომში წასვლის სურვილს გამოთქვამს.

„მათ სურთ, იომონ უკრაინაში, რადგან ფიქრობენ, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. უამრავი დანიელი დამიკავშირდა და მითხრა, თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთი ევროპის დაპყრობას შეეცდებაო. შესაბამისად, დანიელი მოხალისეები აცნობიერებენ, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლა ევროპის უსაფრთხოებისთვის ბრძოლაა“, – აღნიშნა უკრაინის ელჩმა.

ინტერვიუში მიხაილო ვიდოინიკი განმარტავს, რომ უკრაინის მთავრობამ შექმნა სპეციალური საიტი, სადაც აღწერილია ინსტრუქცია სხვა ქვეყნის მოხალისეებისთვის. ეს საიტი ევროპელი და ამერიკელი მოხალისეებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს, როგორ ჩავიდნენ უკრაინაში საბრძოლველად.

დღესდღეობით უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ 20 000-მდე მოხალისე იბრძვის. მათი დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებიდანაა.