დანიაში სკოლები და საბავშვო ბაღები დღეიდან გაიხსნება
დანიაში სკოლები და საბავშვო ბაღები დღეიდან გაიხსნება

დანიაში დღეიდან საბავშვო ბაღები და დაწყებით სკოლები გაიხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება დანიის მთავრობამ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესწავლის შემდეგ მიიღო. ამასთან, სკოლებსა და ბაღებს ხელისუფლების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების დაცვა მოუწევთ. მათ შორის, სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა. ის სკოლები და ბაღები, რომლებშიც ამ წესების დაცვა ვერ ხერხდება, აღსაზრდელებს მომავალი კვირიდან მიიღებენ.

დანიამ ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეზღუდვები 14 მარტს დააწესა. პირველ ეტაპზე მთავრობამ ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა. შემდეგ კი, ქვეყნის შიგნით სოციალური დისტანცირებისკენ მიმართული ზომები გაატარა. შედეგად, დანიაში ბოლო პერიოდში ვირუსის გავრცელების ტემპი შენელდა. შემცირდა ვირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა ინტენსიურ თერაპიის განყოფილებებშიც.

შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება ასევე მიიღო ავსტრიამაც, სადაც მაღაზიების ნაწილი გაიხსნა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის შემსუბუქების შესახებ მთავრობის წევრებთან ერთად დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იმსჯელებს.