დანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა
დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კოპენჰაგენის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფრედერიკის ეკლესიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის „შავნაბადას“ კონცერტი გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიება საზეიმოდ გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში და მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ მნიშვნელოვანი დღის საქართველოსთან ერთად აღნიშვნისთვის. საკუთარ მოხსენებაში გიგი გიგიაძემ ისაუბრა დემოკრატიული საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს ორი ძირძველი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაციაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას. საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და დანიას შორის არსებულ მზარდ ორმხრივ თანამშრომლობაზე და მადლიერება გამოხატა დანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ასპირაციის მუდმივი მხარდაჭერისათვის.
გიგი გიგიაძემ ისაუბრა ასევე ქართულ კულტურაში ხალხური სიმღერებისა და მრავალხმიანი მუსიკის მნიშვნელობაზე, რომელსაც 2001 წელს იუნესკო-მ კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და დანიის ურთიერთობების უახლეს ისტორიაში ქართული მრავალხმიანი მუსიკა პირველად შესრულდა დანიის გამორჩეულ ტაძარში.
კონცერტის დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა ქართული პოლიფონიური სიმღერები, ხალხური და საეკლესიო მუსიკა.
ასევე საზეიმო ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოში გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ დანიის სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების, კოპენჰაგენში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, აკადემიური, კულტურული და ბიზნეს წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიება დანიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ასევე ქართული ანსამბლის „შავნაბადას“ მიერ შესრულდა.
მიღების დროს დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მოესმინა ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები და დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და კერძები.