დანიაში მილიონი ხის დარგვას გეგმავენ
დანიაში მილიონი ხის დარგვას გეგმავენ

დანიაში მილიონი ხის დარგვას გეგმავენ. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, 14 სექტემბერს დანიაში გაიმართება ტელემარათონი, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მილიონი ხის დასარგავად თანხის შეგროვება არის დაგეგმილი.

ღონისძიება სახელწოდებით „დანია ხეებს რგავს“ ნაციონალური ტელეკომპანიის „ტივი2-ის“ ეთერში ორ-ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

იდეის ინიციატორები ამბობენ, რომ ხეების დარგვა ქვეყანაში ნახშირორჟანგის დონის შემცირებას და კლიმატურ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმარება. ღონისძიება კოპენჰაგენის მახლობლად ტყეში გაიმართება, რა დროსაც პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი ხეს დარგავს.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დანიის გარემოს დაცვის ორგანიზაციას მილიონი ხის დასარგავად 20 მილიონი კრონის, ანუ 2,5 მილიონი ევროს შეგროვება დასჭირდება. შეგროვებული თანხის 10%-ს ტროპიკული ტყეების გადასარჩენად ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონს (WWF) გადაურიცხავენ.