დანიაში მიიღეს კანონი, რომელიც ყურანისა და სხვა რელიგიური წიგნების დაწვას კრძალავს
დანიაში მიიღეს კანონი, რომელიც ყურანისა და სხვა რელიგიური წიგნების დაწვას კრძალავს

მედიის ინფორმაციით, დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს ისეთი რელიგიური წიგნების დაწვას, როგორებიცაა ყურანი, ბიბლია ან თორა. გადაწყვეტილებას 94-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 77 კი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტის თანახმად, ასევე იკრძალება რელიგიური წმინდა წიგნების შეურაცხყოფა, ფეხით გათელვა.

„კანონის მიზანია დანიელების უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ დანაშაულს როცა ვხედავთ, ვიღებთ ზომებს დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დანიელების უსაფრთხოებას“, – განაცხადა დანიის იუსტიციის მინისტრმა, პიტერ ჰუმელგარდმა.

კანონპროექტის შესახებ რვა ოპოზიციურ პარტიას განსხვავებული შეხედულება აქვს.

„კანონი შექმნილია გამოხატვის თავისუფლებისა და შემოქმედების თავისუფლების დასათრგუნად. აქ საამაყო არაფერია“, – განაცხადა ლიბერალური ალიანსის წარმომადგენელმა, შტეფან ლარსენმა. დანიელი დემოკრატების თავმჯდომარე ინგერ სტოიბერგი კი კანონს „სამარცხვინოს“ უწოდებს.