დანიაში ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირის გაძვირების გამო მთავრობა მოქალაქეებს დაეხმარება
დანიაში ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირის გაძვირების გამო მთავრობა მოქალაქეებს დაეხმარება

დანიაში ელექტროენერგიასა და გაზის გაძვირების გამო მთავრობა მოქალაქეებს დაეხმარება. როგორც დანიის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფენ 100 მილიონ კრონას, რაც 15 მილიონი დოლარის ეკვივალენტია.

ეს თანხა ყველაზე დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად დაიხარჯება. ფინანსურ დახმარებას მიიღებენ პენსიონერები, ასევე სოციალური შემწეობის მიმღები პირები და უმუშევარი მოქალაქეები.

„ენერგომატარებლებზე ფასების გლობალური ზრდის გამო დანიის მოქალაქეთა ნაწილს ზამთრის სეზონზე სოლიდური გადასახადი დაუგროვდებათ, რაც შეიძლება რამდენიმე ათასი კრონაც კი იყოს“, – ნათქვამია დანიის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

დანიის ხელისუფლება ასევე მართავს მოლაპარაკებას ენერგოკომპანიებთან, რათა მათ ზამთრის სეზონზე მოქალაქეთა მიერ დაგროვებული დავალიანება მთელი წლის განმავლობაში გადაანაწილონ.