დანიაში კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები, პარკები და ზოოპარკი 8 ივნისიდან გაიხსნება
დანიაში 8 ივნისიდან კინოთეატრები, თეატრები, მუზეუმები, პარკები და ზოოპარკი გაიხსნება. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ეტაპზე, დანიაში 10 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ზომაც გადაიხედება და შესაძლოა, 50 კაცამდე შეკრება დასაშვები გახდეს.
დანიაში 11 მაისიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება, რესტორნები, სამლოცველოები და სკოლები კი, ერთი კვირის შემდეგ გაიხსნება. ბარები, ღამის კლუბები და მცირე ზომის საკონცერტო დარბაზები კი, სავარაუდოდ, აგვისტომდე არ განაახლებს მუშაობას.
მოსახლეობა სამსახურში დაბრუნებას მას შემდეგ შეძლებს, რაც მათი დამსაქმებლები სოციალური დისტანციის დაცვასა და ჰიგიენის რეგულაციებს სრულად დაიცავენ.
დანიაში „კოვიდ-19“-ის 10 416 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით ქვეყანაში 522 ადამიანი დაიღუპა.