დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანიური მხარე თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ საქართველოს მოქალაქეების განაცხადს შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გადაწყვეტილება დანიის იმიგრაციის სამსახურმა, ეროვნულმა პოლიციამ და ლტოლვილთა საბჭომ მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეხმაურება დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე. როგორც მან „პირველ არხს“ განუცხადა, ეს სიახლე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ დადებით გარემოს, ასევე იმას, რომ საქართველო არის ევროპის სტაბილური პარტნიორი.

„დანია, როგორც საქართველოს ახლო პარტნიორი, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველო არის ევროპის სტაბილური პარტნიორი და შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ ქვეყნიდან არსებობდეს თავშესაფრის მოთხოვნის საფრთხე, რაც მიგვაჩნია, რომ არის სწორი შეფასება დანიური მხარის მიერ. ეს სკანდინავიური ქვეყნის მიერ საქართველოს პროგრესისა და რეფორმების აღიარებაა. ეს არის აღიარება, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობს ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ევროკავშირის მასშტაბითაც იქნება აღიარებული.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის დონეზეც მოხდება საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭება. ჩვენ დიდი ხანია ვთხოვთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, რომ გააკეთონ იგივე და თანდათანობით ეს პროცესი გრძელდება, ჩვენ უკვე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა გვაღიარებს, როგორც სტაბილურ ქვეყანას. ეს არის დაახლოებით 12 ქვეყანა“, – განაცხადა ელჩმა.

დანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანის ვიზიტი დანიის სამეფოში.