დანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი დაამტკიცა
დანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი დაამტკიცა

დანიის ენერგეტიკის სააგენტომ დაამტკიცა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი ამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში უნდა გაიყვანონ. ამის შესახებ დანიის კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა, დან იორგენსენმა განაცხადა.

დანიის ენერგეტიკის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზსადენის 147-კილომეტრიანი მონაკვეთი სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტებზე უფრო მოკლეა და გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ყველაზე ნაკლები რისკის შემცველია.

გაზსადენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-მა ბალტიის ზღვაში უკვე არსებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ პარალელურად უნდა გაიაროს და ევროპაში რუსული გაზი ჩაიტანოს. „გაზპრომის“ გეგმის მიხედვით, მისი მშენებლობა 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტის განხორციელება დანიის ხელისუფლების ნებართვის არარსებობის გამო ფერხდებოდა.

პროექტს რუსული და ევროპული კომპანიები ახორციელებენ. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის ნებართვები მანამდე გასცეს ფინეთმა, შვედეთმა და გერმანიამ. დანია უკანასკნელი ქვეყანა იყო, რომლის ნებართვაც საჭირო იყო პროექტის დასასრულებლად.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა და პოლონეთი. ამას გარდა, აშშ დარწმუნებულია, რომ პროექტი რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის და მის ენერგოუსაფრთხოებას საშიშროებას შეუქმნის.