დანი მოტა საქართველოს ნაკრებთან არ ითამაშებს - „მონცას“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდზე უარი თქვა #1TVSPORT
დანი მოტა საქართველოს ნაკრებთან არ ითამაშებს - „მონცას“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდზე უარი თქვა #1TVSPORT

სერია A-ს „მონცას“ ფეხბურთელმა, დანი მოტამ თავი შეიკავა ლუქსემბურგის ნაკრების დახმარებაზე მარტში, როდესაც ეს გუნდი ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოს ეროვნულ გუნდს თბილისში დაუპირისპირდება, – ინფორმაციას გამოცემა Wort.lu ავრცელებს.

გასულ წელს ლუქსემბურგული მედია ამტკიცებდა, რომ ამ ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუკ ჰოლცსა და იტალიური კლუბის თავდამსხმელს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ წარმოშობით პორტუგალიელმა დანი მოტამ ლუქსემბურგის ნაკრებს უარი უთხრა.

„ლუქსემბურგის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებამდე ერთი თვით ადრე გაირკვა, ითამაშებს თუ არა სერია A-ს თავდამსხმელი ჩვენს ნაკრებში. ეს საკითხი, მრავალი წელია, აწუხებს არა მხოლოდ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებს, არამედ გუნდის მწვრთნელსაც.

დადებითი სიახლე იყო ნოემბერში, როდესაც ლუკ ჰოლცმა თქვა, რომ „მონცას“ შემტევს მომავალ წელს სანაკრებო სიაში იხილავდა. სამი თვის შემდეგ ვითარება ისევ შეიცვალა და ახლა მოტამ ლუქსემმბურგის ნაკრებზე უარი თქვა.

„ბევრი საუბარი გვქონდა მის ძმასთან. ნოემბერში ამბობდნენ, რომ ლუქსემბურგში თამაში სურდა. ახლა ჩვენ გვითხრეს, რომ მას ეს არ სურს და მიზეზს არ გვიხსნიან”, – ამბობს ჰოლცი.

მოტა, რომელიც ლუქსემბურგში დაიბადა, „მონცას“ მოთამაშეა. რადგან პორტუგალიის 21-წლამდელთა გუნდში 2019-2021 წლებში თამაშობდა, თავდამსხმელი იმედოვნებდა, რომ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახებდნენ.

ჰოლცი 25 წლის ფეხბურთელის გამოძახებას პირველად მარტში გეგმავდა, როდესაც ლუქსემბურგი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფში ითამაშებს. ჩვენი გუნდი 21 მარტს საქართველოს თბილისში შეხვდება. ხუთ დღეში კი, გამარჯვების შემთხვევაში, საკუთარ სტადიონზე საბერძნეთის ან ყაზახეთის წინააღმდეგ ფინალს უმასპინძლებს“, – წერს გამოცემა wort.lu.