დამკვირვებელი ბარბარა სილვია ჰეგედუში - კენჭისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე, ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, მოხარულები ვართ, რომ ამ თანამედროვე პროცესის მოწმენი გავხდით
კენჭისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე, ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, მოხარულები ვართ, რომ ამ თანამედროვე პროცესის მოწმენი გავხდით, – ამის შესახებ უნგრეთიდან საერთაშორისო დამკვირვებელმა, ბარბარა სილვია ჰეგედუშმა განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი კარგად ორგანიზებული იყო.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოგვეცადა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა. ის იყო კარგად ორგანიზებული. ვნახეთ, რომ იყო ტექნოლოგიურად თანამედროვე. ვფიქრობ, ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რომ შეგვეძლო, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, ქალაქსა და რაიონში მისვლა, დაკვირვება.
საარჩევნო უბნებზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით პერსონალს. ჩვენი გამოცდილებით, იჩენდნენ ძალისხმევას, რომ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ საარჩევნო პროცესში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ საკუთარი მომავლის ფორმირებაში მონაწილეობის სურვილი აქვთ ადგილობრივ დონეზე. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აერჩიათ თავიანთი წარმომადგენელი ადგილობრივად ქალაქების და რეგიონულ დონეზე. საერთო ჯამში, ჩვენი გამოცდილება ასეთია, რომ კენჭისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე. ჩატარდა მშვიდობიან გარემოში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ და ვართ მოწმეები ამ თანამედროვე პროცესის“, – განაცხადა ჰეგედუშმა.
ამასთან, კიდევ ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა.
„უპირველესად, მსურს განვაცხადო, რომ ქართველი ხალხი მართლაც ძალიან კეთილია. ჩვენ თვალყური ვადევნეთ კენჭისყრის პროცესს მთელი დღის განმავლობაში. პირადად მე ვესტუმრე მრავალ საარჩევნო უბანს და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი წარიმართა მშვიდობიანად, ყველაფერი იყო წესრიგში. საკმაოდ გრძელი დღე იყო თითოეული ჩვენგანისთვის, თუმცა ჩვენ დავაკვირდით ყველა დეტალს, რადგან არსებობს ძალიან დიდი ინტერესი სრული გამჭვირვალობისთვის. ქართველ ხალხს, საქართველოს საუკეთესოს ვუსურვებ, გამარჯვებულს კი – იღბალს“, – აღნიშნა დამკვირვებელმა.