დალია გრიბაუსკაიტე გელა კანდელაკს ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის დააჯილდოებს
დალია გრიბაუსკაიტე გელა კანდელაკს ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის დააჯილდოებს

კინორეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს, ხელის ჩრდილების თეატრისა და საგანმანათლებლო ფილმების სტუდია „კვალი XXI-ს“ დამფუძნებელ გელა კანდელაკს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის დააჯილდოებს.

გელა კანდელაკს წლების წინ ლიეტუვაში წასვლასა და იქ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასევე ლიეტუვის ჩრდილების თეატრის შექმნას სთავაზობდნენ, თუმცა რეჟისორმა საქართველოში დარჩენა და ქართულ დასთან მუშაობა გააგრძელა.

ამის შემდეგ ლიტველი შეგირდები საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი გელა კანდელაკთან ორი წელი ეუფლებოდნენ ჩრდილების ხელოვნებასა და მსახიობის ოსტატობას.

მთელ მსოფლიოში უნიკალური, ქართული ხელის ჩრდილების თეატრი 2017 წლის 27 მაისს, საერთაშორისო ბრენდი გახდა. შეიქმნა შვილობილი ბრენდი „ბუდრუგანა-ლიტვა“. მათ პირველი სპექტაკლი თბილისში ითამაშეს. ლიეტუვაში დაბრუნების შემდეგ კი თავიანთ ქვეყანაში განაგრძეს სპექტაკლების წარმატებით ჩვენება.

გელა კანდელაკის დაჯილდოების ცერემონიალი ვილნიუსში პრეზიდენტის სასახლეში 6 ივლისს გაიმართება.