დაკავებულია პირი, რომელმაც სხვისი კუთვნილი ავტომანქანა ნაწილებად დაშალა და გაყიდა

14:57, 02.02.2019

წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.დ. ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1993 წელს დაბადებულ თ.თ.-ს ლომბარდში მართვის უფლებით დაგირავებული, მისივე კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა გადაფორმების გარეშე, შეძენისა და ლომბარდიდან გამოსყიდვის პირობით გამოართვა. მას შემდეგ, რაც განსაზღვრულ დროს ლომბარდში თანხის გადახდა არ დაფიქსირდა, თ.თ. დაუკავშირდა გ.დ.-ს, რომელმაც განუმარტა, რომ ავტომანქანის შეძენა აღარ სურდა და რამდენიმე დღის შემდეგ დაუბრუნებდა, რადგან იგი შეკეთებას საჭიროებდა. თ.თ.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ გ.დ.-მ აღნიშნული ავტომანქანა ნაწილებად დაშალა და რამდენიმე მათგანი გაყიდა. სამართალდამცველებმა მანქანის მოპარული ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი