დაკავებული მწვრთნელების ადვოკატი - დანაშაული პროვოცირებულია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ
დაკავებული მწვრთნელების ადვოკატი - დანაშაული პროვოცირებულია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ

საკალათბურთო კლუბ „სოხუმის” მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას და ამავე კლუბის თანამფლობელის – თემურ დათიკაშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ.

მისივე თქმით, დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ, 12:00 საათზე წაუყენებენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთაგან არცერთი აღიარებს დანაშაულს. ბრალდების მხარის პროექტი ვიცით, თუ რა ბრალი შეიძლება დასდონ მათ – “ნაყიდი თამაშები”, მაგრამ სსკ-ით ეს კომერციული მოსყიდვაა და 221-ე მუხლია. მე ავუხსენი ყველა გარემოება ორივე ბრალდებულს. ბრალი არ აქვთ წაყენებული. სავარაუდოდ, ხვალ, 12:00 საათზე უნდა წაუყენონ ბრალი და იქ უფრო დეტალებში იქნება ბრალის ფორმულირება, თუ რა კონკრეტული დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

ორივეს ვესაუბრე და ორივე მათგანი საუბრობს იმაზე, რომ გუნდების ასეთ მოსყიდვას და გაყიდული თამაშების შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

თამაში არ იყიდება – ასე შემოგვითვალეს ჩვენმა დიდმა მოთამაშეებმა. დანაშაული პროვოცირებულია, ყველა გარემოება გამოიკვლევა. ვიცით ის პირი, ვინც პროვოცირება მოაწყო აღნიშნულის, მას რაში აწყობდა ასეთი რამ, ეს საკვლევია. ვერ გეტყვით, ვისზეა საუბარი. მოქალაქეები არიან თუ ჩანერგილი პირები, ამას დავადგენთ გამოძიების მასალებით“, – განაცხადა ადვოკატმა, რომელმაც ე.წ. მოდულის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ხუთი პირი დააკავეს, რომლებიც ე.წ. მოდულის შენობაში არიან მოთავსებული. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს“, – აცხადებენ სუს-ში.